პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

25 აგვისტო 2020, 22:27 1214 ნახვა

პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს.

ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, ცოტახნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი განცხადება გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ: ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შესულა, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა. გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება,"- წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში