არჩილ თალაკვაძე იზოლაციაშია, ჩვენ გატესტილები ვართ, პასუხი უარყოფითია - მდინარაძე 

31 აგვისტო 2020, 14:41 1436 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე, ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაშია. ვირუსი დაუდასტურდა მისი დაცვის თანამშრომელს, ასევე პარტიის ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია. 

''ქართული ოცნების'' ცენტრალური ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად პროტოკოლის და ყველა წესის დაცვით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში,  როგორც მიუთითებენ ეპიდემიოლოგები. ამას ჩვენ არ განვსაზღვრავთ და მათ ვემორჩილებით. დანარჩენები დადიან ასე ვთქვათ შეზღუდულ რეჟიმში, იმიტომ რომ შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს. 

ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, ჩვენ უარყოფითი გვაქვს და ინფექცია არ დაგვიდასტურდა. მე და სხვა თანამშრომლებს უშუალო შეხება არც გვქონდა. ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა, ტესტის პასუხის მიუხედავად ისინი მაინც არიან იზოლაციაში და კარანტინში. შტაბის თანამშრომელი არის დამლაგებელი. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომელს, ასეთი არის ერთი. ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამიტომ თალაკვაძე გადავიდა თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად'' - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა. 

პარლამენტის თავმჯდომარე არის თვითიზოლაციაში, რათა მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, – ეს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის კომენტარია.

კითხვაზე, რატომ არ გადავიდა პარლამენტის თავმჯდომარე კარანტინში, კობახიძემ აღნიშნა, რომ მიღებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები.

„ზუსტად პროტოკოლით როგორც არის გათვალისწინებული, ის ზომები იქნა მიღებული არჩილ თალაკვაძის შემთხვევაშიც. ის არის თვითიზოლაციაში, რათა მაქსიმალურად იყოს მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში