ბათუმში კორონავირუსი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელს დაუდასტურდა

01 სექტემბერი 2020, 10:42 17011 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, ერთი სატვირთო ავტომობლის მძღოლია, მეორე კი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელი. 

არსებული ინფორმაციით,  საკონდიტრო მაღაზია ''დონა'' დროებით დაიკეტა, თანამშრომლები კი თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. აქედან 2 უკავშირდება საკარანტინე სივრცეს, 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი საკონდიტრო მაღაზია "დონას" თანამშრომელი, რომელიც რესპუბლიკურის კოვიდცენტრშია მოთავსებული. ეპიდკვლევა მიმდინარეობს, სავარაუდო წყაროს დადგენაც, მაგრამ კვლევები უკვე გუშინ დაიწყო. აღებულია 50 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისათვის, დილიდან გრძელდება მისი ახლო კონტაქტების მოძიება, კვლევა და მათი რისკების განსაზღვრა. 

თუ ვინმე ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებაში და უნდათ და საჭიროც არის, რომ გადაამოწმონ თავიანთი დაავადების სტატუსი შეუძლია მიმართონ, უსიმპტომო შემთხვევებზე მაქვს საუბარი ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარვებს, სადაც PCR ტესტირებისთვის ხდება ნიმუშის აღება. ერთი ასეთი კარავი გახლავთ კოლონადებთან და მეორე აჭარულ სახლთან. დღეს ნიმუშების აღება დაიწყება 16:00 საათიდან, მესამე კარავს, რომელიც განთავსებულია ქობულეთში, დღეს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადაიტანენ მეტი ხელმისაწვდომობისათვის და ქობულეთის კარავი დღეს ფუნქციონირებას დაიწყებს 14:00 საათიდან.

რაც შეეხება "დონას" შემთხვევას, განსაზღვრულია ყველა ახლო კონტაქტი, ვისი მოძიებაც შესაძლებელი იყო, მათ შორის თანამშრომლებიც, სანათესაოც, მათი კვლევაც მიმდინარეობს. ნაწილი იქნება კარანტინში, ნაწილში თვითიზოლაციაში, გაგრძელდება დაკვირვება.

წყაროს მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მთავარი ამ ეტაპზე დისტანციის და რეკომენდაციების დაცვაა. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში მოქალაქეებმა ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ. გავრცელების შესაკავებლად ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, მთავარია დროულად მოხდეს კონტაქტების მოძიება, მათი კვლევა და ამის მიხედვით ეპიდსიტუაციის შეფასება"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

ანახლებული მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი სამმა პირმა დაამარცხა,  კარანტინის რეჟიმშია - 6059, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239.

 

 

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში