ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

02 სექტემბერი 2020, 10:41 1319 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება - გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, დაამზადეს და გაასაღეს 995 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურად გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებული თანხის 30 % - 298 500 ლარი. ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილის 30 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში