აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

07 სექტემბერი 2020, 11:42 2888 ნახვა

დღეს, 7 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ოჯახური კონტაქტებია. 

რუსუდან შავიშვილის თქმით, 20-დან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევები. 

ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა მცირე ზომის კვების ობიექტის თანამშრომელს, ამ ეტაპზე მისი ინფიცირების წყარო უცნობია და კვლევები მიმდინარეობს.

''გასული დღე-ღამის განმავლობაში არის 20 დადასტურებული შემთხვევა. უმეტესობა არის ოჯახური კონტაქტი. მათ შორის დონასთან აფილირებული არ არის. რაც შეეხება ქორწილის კონტაქტებს, მხოლოდ ორი პირი არის კლინიკაში შეყვანილი.  

ერთი შემთხვევა დადასტურდა რეფერალურ საავადმყოფოში. შევიდა პაციენტი, როლის სტატუსიც თავიდანვე სწორად განისაზღვრა. ეჭვი მიიტანეს კოვიდზე და ის იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში, დაცულია უსაფრთხოების რეჟიმი, არავინ არ ექვემდებარება კარანტინს. 

რაც შეეხება ე.წ. ხოფის ბაზრობის შემთხვევას, არის საეჭვო და მოქალაქე კარანტინშია გადაყვანილი, ჩატარდება დამატებითი კვლევები.

მოგეხსენებათ კარვებში და პოლიკნიკებში გრძელდება ტესტირება, თუმცა მათი რიცხვი შემცირებულია. შაბათ-კვირას 400 ნიმუში აიღეს კარვებში და 180 პოლიკლინიკაში'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

ინფიცირებულებს შორია არიან არასრულწლოვნებიც. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 88 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში დღეს  კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში