აჭარაში შემოსავლების სამსახურის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 სექტემბერი 2020, 18:23 2113 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახალ კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის „ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს.

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს.

აღსანიშნავია, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში