ბათუმის კლინიკიდან კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

09 სექტემბერი 2020, 10:46 11547 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც სიმპტომები არ ჰქონდათ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა და ისინი ექიმისა და ექთნის ზედამხედველობის ქვეშ კარანტინში დარჩებიან. 

გია კიკაბიძის თქმით, ინფიცირებულები უკვე ერთი კვირაა საავადმყოფოში არიან, მათ არ აღენიშნებათ პნევმონია და სხვა ჩივილები, ამიტომ მათი გადაყვანის საკითხი დადგმა. 

მისივე განცხადებით, ეს პრაქტიკა სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. მოქალაქეებს, რომლებსაც საკარანტინო სივრცეში მკურნალობის დროს რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, კლინიკაში ისევ დააბრუნებენ. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში.

''საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან პაციენტების გადაყვანა. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა - სრულწლოვანები, 65 წელზე ზემოთ პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირად თანმხლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამ ქალაქში-- ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, უსიმპტომო პაციენტებმა შესაძლოა საკარანტინო სივრცეებში იმკურნალონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში