პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა

09 სექტემბერი 2020, 15:07 1367 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა. მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა.

"საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.

მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2 ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას"- აცხადებენ პროკურატურაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში