ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრებს უნდა ეკეთოდ პირბადე, ეს მკაცრად გაკონტროლდება - ბათუმის მერია

11 სექტემბერი 2020, 11:47 1058 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არჩილ ჩიქოვანი სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მგზავრთა გადამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორი. 

უწყების ცნობით, მათ დაევალათ რომ მკაცრად გაკონტროლდეს მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადი, ასევე არ უნდა იყოს ფეხზე მდგომი მოქალაქე და ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. 

,,ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. აქვე, მინდა ვთხოვო ყველა მგზავრს, არ გადაადგილდეს მიკროავტობუსით ფეხზე მდგომი და აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებს უფლება ექნებათ, არ დაძრან მიკროავტობუსები. მძღოლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვის პროცესში. მოვუწოდებ მძღოლებს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მიკროავტობუსებსა და მუნიციპალურ ავტობუსში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია. ასევეა მრავალბინიან სახლებსა და ლიფტებში.

არჩილ ჩიქოვანმა ასევე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, ინტენსიურად შემოწმდეს სასტუმროები, სილამაზის სალონები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში