აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 335 მოქალაქე მკურნალობს - მათ შორის 97 საკარანტინო სასტუმროებში 

14 სექტემბერი 2020, 12:40 1620 ნახვა

14 სექტემბრის მონაცემებით, სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 238 პაციენტი მკურნალობს. კოვიდ კარანტინში კი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 97 მოქალაქე. 

ყველაზე მეტი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰყავთ. კლინიკაში 147 კოვიდინფიცირებული იმყოფება, მათგან რვა რეანიმაციაშია. 

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განმარტებით, 59 პაციენტს პნევმონია აქვს. 

''გუშინ 19 პაციენტი დაგვემატა და სულ არის 147 კოვიდინფიცირებული. აქედან 59 აღენიშნება პნევმონია. მათ ანტიბიოტიკოთერაპია უტარდება. 8 პირი იმყოფება რეანიმაციაში და ოთხი არის მძიმე. აპარატულ სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ იმყოფება. ძველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 პირი კი საკარანტინო ზონაში გადავიყვანეთ. შესაძლოა დღეს მათ კიდევ 20 დაემატოს. კვლევები მიმდინარეობს და ისინიც სასტუმროებში გადავლენ'' - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

კლინიკის დირექტორს მედპერსონალის დამატებაზეც ჰკითხეს. იყო თუ არა არსებული რესურსი საკმარისი?

გია კიკაბიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციის ექიმებს სამორიგეოდ ძველი შენობიდან გადმოიყვანენ, ასევე მოხდება ექთნების დამატებაც.

კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინფიცირებულებს მკურნალობენ ინფექციური საავადმყოფოა. დირექტორის განმარტებით კლინიკაში 34 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 8 ინფიცირებულს პნევმონია აქვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდინფიცირებულების მკურნალობაში კიდევ ერთი კლინიკა ჩაერთო. ამჯერად ქობულეთში. რეგიონში სულ ოთხი კოვიდ ცენტრი ფუნქციონირებს, არ არის გამორიცხული მათი რიცხვი გაიზარდოს. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 108 აჭარაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში