გვაქვს რამდენიმე მინი კლასტერი, ინფიცირებულებს შორის არის სამედიცინო პერსონალიც - ნონა ეფაძე 

15 სექტემბერი 2020, 11:55 1790 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო კლინიკების თანამაშრომლები. ნონა ეფაძის თქმით, ისინი ადრე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 

როგორც ცნობილია კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა ''მედცენტრში'', ბაუ-სა და ხოზრევანიძის კლინიკაში. 

ნონა ეფაძე არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში შემთხვევების მცირედი ზრდა დაფიქსირდეს, რადგან გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

''კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეიძლება ისევ დაგვიფიქსირდეს, რადგან დადასტურებული შემთხვევების უკან დგანან მათი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები. მათ დაავადება შესაძლოა მომდევნო დღეებში გამოუვლინდეთ. უმეტესი წილი არის გასულ დღეებში დაფიქსირებული პირების კონტაქტები, რომლებიც მიზნობრივად გაიტესტნენ. გვაქვს რამდენიმე მინი კლასტერი. არის, რამდენიმე, რომელიც უკვე დაიხურა'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

მისივე  თქმით, ბათუმში დღეს მხოლოდ ორი კარავი რჩება, სადაც ადამიანებს უფასო ტესტირების ჩატარება შეუძლიათ - ''ხოფის ბაზრობის'' მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტოსადგურთან.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. 

''გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა 124 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 5 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს, შემთხვევათა უმეტესობა წინა დღეებში დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში და ჩაუტარდათ მიზნობრივი ტესტირება.

ინფიცირებულია რამდენიმე პედაგოგი, სამედიცინო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფარში, იქ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს დაწესებულება იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, მიზნობრივად ჩაუტარდათ მათ ტესტირება, რა თქმა უნდა პაციენტები გადაყვანილია კლინიკაში, დაწესებულებაზე მიმდინარეობს უწყეტი მონიტორინგი.

აჭარაში მიმდინარეობს როგორც ახლო კონტაქტების ისე იმ ადამიანების ტესტირება, რომლებიც თვითონ თვლიან, რომ არიან რისკის ქვეშ. განსაკუთრებით თუ კი ისინი დაუცველი იმყოფებოდნენ თავშეყრის ადგილებში. მაგალითად ქორწილში, სადღესასწაულო სუფრებზე, სადაც ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა და არ ეკეთათ ადამიანებს ნიღბები'' - აცხადებს ეფაძე. 

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 124 აჭარაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში