აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

18 სექტემბერი 2020, 11:07 1618 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა.

კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პირი. გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა მოქალაქემ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ყველა შემთხვევის ირგვლივ კონტაქტების ეპიდკვლევა გრძელდება. ნონა ეფაძის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსები, არიან ორსულები და არასრულწლოვნები. 

''ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, მობილიზებულია დამატებითი საწოლები. მოქალაქეებს, რომლებსაც უდასტურდებათ ვირუსი სამედიცინო დაწესებულებებში გადაგვყავს. ინფიცირებულთაგან უმეტესობა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტებია. ყველა შემთხვევის მიდევნება ხდება, უმეტესობა მიზნობრივად არის გატესტილი. ყველა დაწესებულება, რომელთანაც კავშირშია ინფიცირებული პირები გვაქვს კომუნიკაცია და იქ ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები. კონკრეტული დაწესებულების დასახელება მათი ნებაა. 

სახლში მკურნალობის პროტოკოლი განიხილება, უახლოეს მომავალში ალბათ დამტკიცდება და ამუშავდება კიდეც'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

კოვიდდადებითი პაციენტების მიღება უკვე დაიწყო მეშვიდე კლინიკამ - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა. უწყების ინფორმაციით, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებეში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი.

დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 182 ახალი შემთხვევის გადანაწილება ასეთია: აჭარა - 129, ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, ქედა - 3, შუახევი - 1.  

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში