ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა

21 სექტემბერი 2020, 11:42 4660 ნახვა

ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია. ინფიცირებულებს შორის ერთი ის თანამშრომელია, რომელიც მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ მედპერსონალს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია. თანამშრომლების ნაწილი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის, ნაწილი კი საკარანტინო სასტუმროშია გადანაწილებული.

მათივე განმარტებით, ინფიცირებულთა კონტაქტები მოძიებულია. ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითოზოლაციაში იმყოფება.

"პერსონალს, რომელსაც ჯერ არ აქვს მიღებული ტესტის კვლევის შედეგი ის სამუშაოზე ვერ გამოდის, ანუ სამუშაოს ვერ ასრულებს. ეს რეგულირდება ჩვენი შიდა ბრძანებით. შესაბამისად, ის ადამიანი, ცხვირ-ხახის ნაცხის ამღები, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი პაციენტებთან და თანამშრომლებთან შეხებაში არ ყოფილა. როცა შევიტყვეთ, რომ მისი პასუხი იყო დადებითი გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ის ამ დროისთვის გადის მკურნალობას"-აცხადებს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორი ბექა იოსელიანი.

ინფიცირების შემთხვევების  გამო კლინიკა შაბათ-კვირას არ მუშაობდა. დღეს საოჯახო მედიცინის რეგიონულმა ცენტრმა მუშაობა განაახლა. კლინიკასთან დილიდან ტესტირების ჩატარების მსურველთა რიგებია. აჭარის ტელევიზიის კამერამ დააფიქსირა ისეთი კადრებიც, როცა მოსახლეობა დისტანციას რიგში ყოფნის დროს არ იცავდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში