პოლიციამ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

21 სექტემბერი 2020, 17:56 1703 ნახვა

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბათუმის საოლქო კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით გეგიაძე.  ინცინდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა გეგიაძეს კოვიდინფიცირებული ახლობლის ნახვის უფლება არ მისცა.

"მოვიდა მოქალაქე, რომელსაც უნდოდა კოვიდინციცირებული პაციენტის მონახულება, ექიმმა მიუთითა მას, რომ კოვიდინფიცირებულის მონახულების საშუალებას არავის აძლევენ. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისირება"-აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დავით გეგიაძე კლინიკაში არა კოვიდინფიცირებული ახლობლის, არამედ უბრალოდ მეგობრის სანახავად მიდიოდა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმისთვის არ მიუყენებია. აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას.

"დავით გეგიაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ადგილი პრაქტიკულად არ ჰქონია. ის მეგობრის სანახავად იყო მისული საავადმყოფოში რა დროსაც სურდა გარკვეული სახის ინფორმაციის მიღება თუ როგორ უნდა შესულიყო პაციენტთან და რა შეიძლებოდა მიეტანა, რა დროსაც აგდებული ფორმით შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს სხვა მხრიდან შევიდოდა შენობაში.  კოვიდინფიცირებულთან შეხვედრაზე არ იყო საუბარი. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც აგრესია წამოვიდა საავადმყოფოს წარმომადგენელისგან. იქ მყოფი პირები ჩაერივნენ და განეიტრალდა სიტუაცია. მედპერსონალმა სავარაუდოდ სამართალდამცველები გამოიძახეს"-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ბადრი ბერიძე.

ფაქტზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში