ბათუმის სამშობიარო სახლში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს - კლინიკაში შეიყვანეს ერთი ახალშობილიც 

22 სექტემბერი 2020, 13:33 1586 ნახვა

22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის სამშობიარო სახლში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთ მათგანს მალე საკეისრო კვეთა ჩაუტარდება. 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, არცერთ პაციენტს პნევმონია არ აქვს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დღეს იგეგმება ჩვილის ტესტირებაც, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ახალგაზრდა ქალმა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიარა, ორ დღეში კი მას კორონავირუსი დაუდგინდა. ხვალ გახდება ცნობილი, ინფიცირებულია თუ არა ახალშობილი. 

ნუგზარ პაპავას თქმით, ცენტრში კიდეც 8 ინფიცირებული პაციენტის მიღებას შეძლებენ და საჭიროების შემთხვევაში საწოლების რაოდენობას გაზრდიან. 

''იგეგმება საკეისრო კვეთა, თუმცა ეს ვირუსის გამო არა. პაციენტის სამეანო ჩვენების გამოა დაგეგმილი. ​კორონავირუსის პირობებში მედიკოსებს აქვთ სხვა ეკიპირება. მხოლოდ ეგ არის განსხვავებული. 

რაც შეეხება ახალშობილს, დედა და შვილის თავს კარგად გრძნობენ'' - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა. 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს ჟურნალისტებმა პაციენტების პრეტენზიებზეც ჰკითხეს. 

''პრეტენზიები ძირითადად წამოსულია იმ პაციენტებისგან რომლებსაც ადრე ჰქონდათ გაკეთებული ანალიზი და გვიან მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია. ისინი ითვლიან იმ დღიდან, როცა მოხდა ანალიზის აღება. ჩვენ გვაქვს პროტოკოლი, როცა კლინიკაში მოხდება იქიდან მე-5 დღეს გვაქვს განმეორებითი ანალიზის აღების უფლება. ამიტომ მე-5 დღეს ჩაუტარდათ. პირველად 13-ში მივიღეთ ჩვენ და 18,19 ანალიზები ჩავუტარეთ. ვისიც მოვიდა უარყოფითი, იმათ გადაუკონტროლდებათ ხვალაც და მეორე უარყოფითი პასუხის შემთხვევაშ გაეწერებიან სახლში'' - განაცხადა ნუგზარ პაპავამ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში