ბათუმის ცხელების ცენტრში პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი 2020, 14:08 3656 ნახვა

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში გარდაცვლილი 25-ე პაციენტი აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის კლინიკა "მედ ემერჯენსში" (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) 22 სექტემბერს 00:52 საათზე გადაიყვანეს. 76 წლის კაცი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს.

''პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებთან პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება. 

"პაციენტს ჰქონდა დატვირთული ანამნეზი. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ცხელების კლინიკაში შეყვანისთანავე აუღეს პისიარ კვლევისათვის ნიმუში და ტესტის შედეგი გახდა მოგვიანებით ცნობილი. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ.

მას ჩაუტარდა ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით. ცხელების ცენტრში იმყოფებოდა თუ კოვიდ კლინიკაში მოესწრებოდა გადაყვანა პაციენტის მიმართ ქცევა იქნებოდა იგივე" - განაცხადა ნონა ეფაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში