საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა - ინფიცირებული ბათუმში მკურნალობდა 

24 სექტემბერი 2020, 14:02 3760 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი,  26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 17 სექტემბერს 16:30 საათზე შეიყვანეს, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება ჰქონდა. 

''პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში 70-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

„აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70-მდე მძიმე. ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს.

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი. 

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში