განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია

04 ოქტომბერი 2020, 15:10 1492 ნახვა

აზერბაიჯანის ქალაქ  განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი აცხადებს. ქალაქ  განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო  კი აცხადებს, რომ  გუშინდელი მონაცემებით აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა. თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი თვითერში მთიანი ყარაბაღის კიდევ  7 სოფელზე კონტროლის დამყარების  შესახებ იტყობინება.  იქამდე  კი, ალიევმა განაცხადა, რომ  კონტროლი სოფელ მაგადიზშიც აღადგინეს.

საერთაშორისო საზოგადოება მათ შორის საქართველო ორივე მხარეს  მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას-კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ მხარეების თანხმობის გარეშე სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ძალები შეყვანას არ აპირებს.  ცნობისთვის,  27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს აკისრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში