ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს​ - გამყრელიძე

05 ოქტომბერი 2020, 13:46 2157 ნახვა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კი 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არაა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებს.

ამირან გამყრელიძემ კი დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბჭოს წევრებს საკუთარი ვერსიის შესახებ უკვე ესაუბრა. 

„მე ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც გავაჟღერე და ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ​სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი, საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და TKT.ge-მ მატჩის ანულირებული ბილეთების თანხის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყეს.

პირველ ოქტომბერს, უეფა-ს საგანგებო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ოქტომბერში უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა შეხვედრას სტადიონზე გულშემატკივრის 30 პროცენტი დაესწრება, თუმცა მატჩებზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში