ტესტების კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის, აუცილებელია მიზნობრივი და სისტემური ტესტირება - პრემიერი

07 ოქტომბერი 2020, 13:04 1730 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანაში ტესტების კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის. გიორგი გახარიას განმარტებით აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობა მიზნობრივი და სისტემური ტესტირების რეჟიმზე გადავიდა.

მისივე განმარტებით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

"ჩვენ შევცვალეთ მოდელი თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა, როდესაც ვირუსი დაიწყო დღეში აკეთებდა დაახლოებით 200 ტესტს, დღეს აკეთებს დაახლოებით 10 000-ზე მეტ  ტესტს, მაგრამ ტესტების კეთების რესურსიც შეუზღუდავი არ არის. ტესტის კეთებაც უნდა იყოს მიზნობრივი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია მიზნობრივი და სისტემური ტესტირება:

მიზნობრივი ტესტირება ხდება როცა ადამიანს უჩნდება პირველივე სიმპტომები. რა თქმა უნდა ამ დროს ის უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების მაგ: ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების ტესტირება. ეს კეთდება იმისთვის,რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების განმსაზღვრელი სექტორი არ გაჩერდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ტესტირების ნაწილში ექიმების ტესტირება, რადგან ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული.

ადამიანი რომელიც არის ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და თუ რაიმე სიმპტომი არ აქვს უნდა იყოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის ის ცვლილება , რაც ჩვენ კლინიკურ ნაწილში შევიტანეთ"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში