ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს ნაყოფი დაეღუპა 

08 ოქტომბერი 2020, 14:32 15210 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ქალს ნაყოფი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა. 26 კვირის ორსული გუშინ, 7 ოქტომბერს ამშობიარეს.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პირველ ოქტომბერს შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ერთ-ერთი გეგმიური კვლევის დროს ნაყოფის გულისცემა არ ისმოდა, შემდეგ კი ფაქტი ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდა.

ამ წუთებში სამშობიარო სახლში სამედიცინო ექსპერტები იმყოფებიან. კვლევებით უნდა დადგინდეს რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი. 

კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფაქტის შესახებ გუშინ იცოდა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო საკითხზე არ ისაუბრა.

''პაციენტი შემოვიდა 1 ოქტომბერს, იყო 26 კვირის ორსულობა. აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იყო. ანამნეზში გააჩნდა ერთი ცოცხლადშობილი და ერთი მკვდრადაშობილი ნაყოფი. შესაბამისად აქ ყოფნის პერიოდში დილით, როდესაც გაისინჯა ნაყოფის  გულისცემა კარგი იყო და შემდეგ გეგმიური გასინჯვის დროს ეჭვი მიიტანეს, რომ გულისცემა არ ისმოდა. გამოიძახეს ექოსკოპიური კვლევა. დადასტურდა, რომ შეჩერებული იყო გულისცემა. 26 კვირაზე ძალიან ძნელი სავარაუდოა ეს რა მიზეზით მოხდა. ჩარევაც შეუძლებელი იყო, რომც გაგვეგო პრობლემა,ნაყოფის გადარჩენა მაინც ვერ მოხდებოდა ისეთი ვადაა.

კვლევის მიზნით კლინიკაში სამედიცინო სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან. დღეს ჩემს ვარაუდებზე საუბარი რთულია. ამას სპეციალისტები დაადგენენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ.

გუშინ არ ვთქვი სპეციალურად, რომ ზედმეტად არ ენერვიულათ. არ იფიქროთ, რომ ეს გულგრილობაა, პირიქით მთელი კოლექტივი ვუთანაგრძნობთ. გუშინ კონსულტაცია გავიარეთ სპეციალისტებთან და ეს არის გამოსაკვლევი თემა,რა ხდებოდა არაორსულობამდე'' - განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა.

 

 

 

 

 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში