როდის აღდგება აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ კვირას გადაწყდება 

09 ოქტომბერი 2020, 12:35 9091 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილება კი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პირველი რაც აღდგება ეს იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე დაზუსტდება სკოლებისა და ბაღების განახლების თარიღებიც.

''დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა, რომელზეც უფრო დეტალურად შემდეგ კვირაში ვისაუბრებთ. პირველი რაც აღდგება იქნება, რა თქმა უნდა მუნიციპალური ტრანსპორტი. საკითხი აქტიურად განიხილება. რამდენიმე დღეში საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

ვიცით, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას. ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი. ეპიდემიის მართვასთან ერთად, აბსოლუტურად ბოლომდე გვესმის, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის უამრავ მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ არსებულ ეპიდვითარებას და როგორც უკვე გითხარით ეს საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში. შემდეგ კვირას კონკრეტული თარიღებით ვისაუბრებთ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში