აჭარაში კორონავირუსისგან 3000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა - თორნიკე რიჟვაძე

09 ოქტომბერი 2020, 12:29 2504 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეგიონში 3000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ტესტირების პასუხების დაყოვნების ვადაც შემცირდა და მოქალაქეებს კორონავირუსზე აღებული კვლევის შედეგებს 24 საათში მიაწვდიან.

მისივე განმარტებით, შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობაც.

​''უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემია რეგიონში სტაბილურად იმართება. ამაზე მეტყველებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება. ჯამში აჭარაში 3000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

მიზნობრივი ტესტირება გრძელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში 2000 ტესტი გაკეთდა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით პასუხის მიწოდების 24 საათიან რეჟიმს. შემდეგ უკვე ხდება ამ მოქალაქეების ბინაზე მართვა ან სტაციონარში გადაყვანა. შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შემცირებას, განსაკუთრებით ბათუმში,შედეგები გამოიღო. ის სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია ამ მობილობის შემცირებით. ყოველდღიურად ვახერხებთ, რომ გვქონდეს ასზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი დადგეს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში