ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში 2500 პისიარ ტესტი ჩატარდა - ნინო ნიჟარაძე

09 ოქტომბერი 2020, 16:56 4570 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ​გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ინფიცირებულთა ახალ მაჩვენებელს აჭარბებს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, პროგნოზი კეთილსაიმედოა, რადგან შემთხვევების კლება დაიწყო.

მინისტრი ამბობს, რომ მიზნობრივი დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, იტესტება ყველა, ვისთანაც ამის საჭიროებაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კვლევა 2500 მოქალაქეს ჩაუტარდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, არამიზნობრივი ტესტირება რესურსი ფუჭი ხარჯვაა.

''ტესტირება მიზნობრივი გახდა დიდი ხანია, ჩვენ როდესაც ტესტირება არეალი შევამცირეთ, გვქონდა შემთხვევების პიკი - დღეში 416, 360. ეს მაჩვენებელი იყო მაშინ, როცა შემცირებული ტესტირება ტარდებოდა, მაგრამ მიზნობრივად ვისაც სჭირდებოდა. ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. გამოვლენის პროცენტი ახლა შედარებით ნაკლებია.

კონტაქტირებული პაციენტი ვალდებულია 12 დღის განმავლობაში იყოს იზოლაციაში, თუ მას ჩივილები არ აქვს ის ტესტირებას არ საჭიროებს. მუდმივად უნდა ვიყოთ ყურადღებით. თუ ჩივილი წამოვიდა დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს, სხვა შემთხვევაში ეს არის რესურსის ფუჭი ხარჯვა. ტესტირება უტარდებათ კონტაქტირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ჩივილები. ასევე არაკონტაქტირებულებს, მაგრამ სხვა რესპირაციული ჩივილის მქონე პაციენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სავარაუდო ინფიცირებულებს. პრაქტიკულად ვისაც სჭირდება მიზნობრივად უტარდება და შესაბამისად მათ შორის ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის პროცენტულობა მოლოდინის შესაბამისად არის შედარებით მაღალი, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფებში'' - ამბობს მინისტრი.

ნინო ნიჟარაძე ასევე აცხადებს, რომ რეგიონში 650 საწოლია კოვიდ ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი, დილის მონაცემებით კი თავისუფალი იყო 90-მდე.

''დილის მონაცემებით კლინიკებში 544 პაციენტი გვყავდა, თუმცა სურათი ყოველ საათში იცვლება. 50-დან 100-მდე საწოლი ბრუნვა მუდმივად გვაქვს. გვეხმარება დღევანდელი პროტოკოლი, რაც არის ადექვატურად მორგებული კოვიდის მართვაზე. შემთხვევების დინამიკა კლებადი დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. სხვა უწყებებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გამოჯანმთელებულთა რიცხვი გაიზარდოს და კლინიკური მართვის ხარისხი გაუმჯობესდეს. ზოგადი მდგომარეოაბა არის კონტროლს დაქვემდებარებული. ვიმედოვნებთ, რომ მსუბუქი ხასიათის შეზღუდვები, რაც დღეს რეგიონში მოქმედებს არსებული შედეგების გათვალისწინებით უმოკლეს დროში მოიხსნება. ეს საკოორდინაციო საბჭოსთან არის შესათანხმებელი. ვიმედოვნებ, რომ ვიდრე დაიწყება გრიპის სეზონი ამ დაბრკოლებას გადავლახავთ'' - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში