„ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, რატომ უთხრეს უარი აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე

09 ოქტომბერი 2020, 17:04 1575 ნახვა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ გარემოებებზე, რის გამოც, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე უარი უთხრეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის იმ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების“ ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეები ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

''ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას'' - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან ვერ გამოფრინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში