საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის შესაძლო გათეთრების სქემას - პროკურატურა 

13 ოქტომბერი 2020, 15:51 1274 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 13 ოქტომბერს ერთ-ერთ კომპანიაში ჩატარებული სპეცოპერაცია ფულის გათეთრების შესაძლო სქემას ეხება.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები'' - წერია უწყების განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები გამოიყენეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში