საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ - თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 12:28 1334 ნახვა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. 

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში.

მთავარი არის ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს PCR ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR ტესტი, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში