სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების პროგრამის მეორე დონის შეფასება გაიარეს

21 ოქტომბერი 2020, 11:16 900 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის 2 ჯგუფი ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს მოიცავს.

''შეფასების პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლების პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული​ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეირაღებაც - საბჭოთა წარმოების იარაღი ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე იარაღით შეიცვალა.

აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში