კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება - ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:51 1230 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს, კოვიდის მართვის პროცესში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კლინიკები ჩაერთვნენ. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული. 

''ამ ეტაპისთვის კოვიდ საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. თბილისში შემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში დღეიდან სამი საავადმყოფო, იმერეთშიც სამი. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. მკურნალობის დროს ასევე ვიყენებთ სასტუმრო სივრცეს და იქედან  გამომდინარე, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამ თემაზე და პაციენტებიც ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროში გადაყვანასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა შემდეგი: სასტუმროს სივრცეში არიან მობილიზებულები ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკების სივრცეში. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომლებთანაც რისკი მინიმალურია. 

სახლში მკურნალობას გადის 6544 ადამიანი. აქაც მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. დღემდე არსებული 17 კლინიკას, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა.

უბნების მიხედვით დაფარულია 780 000 მოქალაქე. კვირის ბოლომდე ყველა ჯანდაცვის ობიექტი, თბილისის და რეგიონების  მიმართულებითაც იქნებიან ჩართულები ამ პროგრამაში'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში