საქართველოში რემდესივირი ოქტომბრის ბოლოს იქნება - ჯანდაცვის მინისტრი

23 ოქტომბერი 2020, 12:00 1304 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე პისიარ ტესტია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტესტების შესყიდვა მიმდინარეობს.

მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე "რემდესივირის" შესყიდვაზეც ისაუბრა. 

,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ "რემდესივირი", შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ "რემდესივირს", როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, 

მინისტრის თქმით, დღეს დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც რამდენიმე რეგიონში ცხელებიან პაციენტებს საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას გაუწევენ. ტიკარაძის განმარტებით, პაციენტების გამოჯანმრთელების კუთხით აჭარასა და ქუთაისში დადებითი დინამიკა არის.

„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საკმაოდ დადებითი გაწერების დინამიკა აჭარასა და ქუთაისში. ქუთაისის რეგიონში 118 პაციენტი გაეწერა გუშინ, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას – საწოლფონდის გადანაწილების კუთხით, რეგიონულ ჭრილში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, დღეს დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, დამატებით კიდევ ახალციხესა და ლანჩხუთში მიიღებენ დამატებით ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას.

ეს იქნება ცხელების ცენტრები. იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ეტაპობრივ ჩართვას და კლინიკები საჭიროებენ გარკვეულ გამოცდილებასაც. ისინი მიიღებენ ცხელებით პაციენტს და დაიგნოსტირების შემთხვევაში, უკვე ცენტრალიზებულად გადაწყდება, რა დამატებითი პროცესი გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ჩვენ ამ კუთხით გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში