გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 22:00 საათზე იწურება

26 ოქტომბერი 2020, 14:49 1496 ნახვა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 22:00 საათზე იწურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, მესამე დღეა მუშაობს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი.

მისივე თქმით, სიების დამტკიცების შემდეგ დაიბეჭდება ბიულეტენები, რომელიც ყველა სპეციალურ უბანს გადაეგზავნება.

''ცენტრალური საარჩევნო კომისია, კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება. იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა მუშაობს ცხელი ხაზი და 25 ოპერატორი დილის 10 საათიდან, საღამოს 10 საათამდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს.

შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9 000 პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც საარჩევნო ასაკის მქონენი არიან და კენჭისყრის დღეს თვითიზოლაციაში იქნებიან. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს მიმართა 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით,გადანაწილდებიან თვითიზოლაციაზში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში