ჩვენ არასდროს  დავაყენებთ დამნაშავის შეპყრობას უფრო წინ ვიდრე ათეულობით ადამიანის სიცოცხლეა - თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 13:25 1110 ნახვა

თეა წულუკიანის განცხადებით, ზუგდიდში მათ აიცილეს სისხლისღვრა და გადაარჩინეს ათობით ადამიანის სიცოცხლე რაც საერთაშორისო სტანდარტია ასეთ ვითარებაში მოქმედებისას.

მისივე განმარტებით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ყველაფერი კეთდება. წულუკიანმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა მისი ვინაობის გასაჯაროებით პირდაპირ შეუშალა ხელი გამოძიებას.

"ზუგდიდში ჩვენ ავიცილეთ სისხლისღვრა ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. ეს თუ ჩამოშლილად მიგაჩნიათ ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს იქნებოდა მავანთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. ბატონი მინისტრი პირველი საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს.

რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა შეგახსენოთ რაც არის ევროპული სტანდარტი, როცა სახელმწიფოს და პოლიციელს აქვს არჩევანი გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე თუ მაშინვე შეიპყროს დამნაშავე, საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ პოლიციელის უპირველესი ვალდებულებაა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე და ჩვენი სახელმწიფო მუშაობს სწორედ ამ სტანდარტით. ვწუხვარ, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ ვიმუშაოთ სხვა სტანდარტით, თითქოს მთავარი უნდა ყოფილიყო დამნაშავის შეპყრობა თუ გარდაიცვლებოდა რა ვქნათ მერე, მაგრამ ჩვენ არ ვართ ასეთი მთავრობა, ვისაც არ მოწონს მინდა გავიზიარო მათი მწუხარება.

ჩვენ არასდროს არ დავაყენებთ დამნაშავის შეპყრობის პრიორიტეტს უფრო წინ ვიდრე ათეულობით ადამიანის სიცოცხლეა. დამნაშავე იდენტიფიცირებულია, გამოძიებას გუშინ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა პირდაპირ შეუშალა ხელი და შსს მოწოდების მიუხედავად მაინც გაავრცელეს დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია და ამით პირდაპირ გეუბნებით, რომ ტელეარხებმა ხელი შეუშალეთ გამოძიებას. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება, იმისთვის, რომ დამნაშავე იქნეს შეპყრობილი"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში