ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

27 ოქტომბერი 2020, 22:17 2763 ნახვა

ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვეტერან ფეხბურთელებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად გახსნეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო სტადიონის გახსნის ცერემონია შეზღუდულ ფორმებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

''ახალი სტადიონი აკმაყოფილებს უეფა-ს ყველა მოთხოვნას და უმაღლესი სანაკრებო და საკლუბო თამაშების მასპინძლობა შეგვიძლია. ასეთი სტადიონი ჭირდებოდა ბათუმს. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონის აშენება ჩვენი ფეხბურთის წარმატების საფუძველი გახდება“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.)

რომელი მატჩი გაიმართება, პირველად ახალ სტადიონზე, ოფიციალურად ჯერ უცნობია. არსებობს შანსი, რომ 15 და 18 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს უმასპინძლოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში