ტყუილია იმის მტკიცება, რომ ერთი ადამიანი შეიძლება ორ მისამართზე იყოს რეგისტრირებული - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 

29 ოქტომბერი 2020, 14:21 1412 ნახვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, არამხოლოდ კანონითაა აკრძალული ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია, არამედ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს პრაქტიკაშიც შეუძლებელია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა.

''საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

რაც შეეხება, ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირების პროცედურას - აღნიშნული პროცედურა გართულებულია სწორედ იმის გამო, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ და დაინტერესებულ პირებს, მომხრეების ერთი მისამართიდან სხვა მისამართზე გადარეგისტრირებით, საარჩევნო მანიპულაციების და სპეკულაციების საშუალება არ მისცემოდათ.

2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად:
*დაზუსტდა საცხოვრებელი ადგილისა და მისამართის ცნება, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის რეგისტრაცია.

*დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ.მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.

გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები, რეგისტრაციის საქმისწარმოების ფარგლებში, დამატებით იკვლევენ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ათვალიერებენ საცხოვრებელ ადგილს, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ისეთ მისამართზე რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით 3 000-მდე საცხოვრებელი ადგილის დათვალიერება განხორციელდა'' - წერია განცხადებაში. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში