ბათუმის მერიის შენობაზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები წაშალეს

02 ნოემბერი 2020, 14:02 1599 ნახვა

ბათუმის მერიის შენობაზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები წაშალეს. ახალგაზრდული მოძრაობა ,,იმოქმედე''-ს  წევრებმა ფრაზა - ''იმოქმედე'', ქალაქში რამდენიმე ადგილას დაწერეს. მათ შორის მერიის შენობის ერთ კედელზე და ასევე ცენტრალური პარკის კოლონადებზე. 

მოძრაობის წევრები, აჭარის მაუწყებელთან არ მალავენ, რომ მსგავსი წარწერების გაკეთებას, სხვადსხვა ლოკაციაზე საღამოს ისევ აპირებენ. მათივე თქმით, ჯერ არავის დაუჯარიმებია. 

''არ დავუჯარიმებივართ. საღამოს ბევრ ადგილას გამოჩნდება მსგავსი წარწერა. ხვალიდან კი ოპოზიციის პროტესტს და აქციას შევუერთდებით'' - აცხადებს მოძრაობა ''იმოქმედეს'' წევრი. 

ბათუმის მერიის შენობა და კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათი დაზიანება, მოხატვა დასჯადია. ჯარიმა კი 1000 ლარს შეადგენს.

ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ.

''აღნიშნული წარწერები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის კატეგორიას, შესაბამისად ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ყველა მსგავს ფაქტზე გაატარებს კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს და პოლიტიკურ სუბიექტებს თავი შეიკავონ მსგავსი ვანდალური ქმედებისგან'' - აცხადებენ მერიაში. 

 

განახლება: 15:02  ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მოქალაქე, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერა დატოვა 1000 ლარით დააჯარიმეს

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში