''ქართულმა ოცნებამ'' და ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' კვოტის მოთხოვნები დააკმაყოფილა, თუმცა ქალები ოთხეულის ბოლო პოზიციებზე გადაანაწილეს - NDI

04 ნოემბერი 2020, 16:44 1176 ნახვა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზის შედეგებს აქვეყნებს. ​NDI-ის დასკვნაში ცალკეა გამოყოფილი გენდერული კვოტისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საკითხი.  დოკუმენტში წერია, რომ ახალ პარლამენტში, ისევე როგორც პოლიტიკური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტი+ თემი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.

2020 წლის ივლისში, პარლამენტმა მხარი დაუჭირა სავალდებულო გენდერულ კვოტას, რაც პარტიულ სიებში ყოველ ოთხ კანდიდატში მინიმუმ ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენას გულისხმობს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' და ''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' კვოტის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს, თუმცა ქალები ძირითადად ოთხეულის ბოლო პოზიციებზე გადაანაწილეს. პროპორციული წესით არჩეული კანდიდატებიდან, პარლამენტში მანდატის მოპოვება 28 ქალმა მოახერხა. მაჟორიტარული სისტემა კვოტირებას არ ექვემდებარება. ორგანიზაციის განმარტებით, ბევრი წამყვანი პარტიისთვის მაჟორიტარ კანდიდატებად ქალების წარდგენა ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

''გასულ წელს პოლიტიკაში უფრო მეტი ჩართულობისა და მრავალფეროვნების ხელშესაწყობად საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული წარმომადგენლობის მისაღწევად, გენდერული კვოტისა და დაწეული ბარიერის საშუალებით, “ახალ სახეებს” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.

2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს უკვე სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, ხოლო 2032 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა გაუქმდება. ის პარტიები, რომლეთა სიებშიც ქალთა წარმომადგენლობა არსებული კვოტებით გათვალისწინებულ მინიმალურ რაოდენობას აჭარბებს და არჩეულები არიან პარლამენტში, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.

მაგალითად, ''ქართულმა ოცნებამ'' მაჟორიტარ კანდიდატად მხოლოდ 1 ქალი, ''ლელომ'' - 8, ''ევროპულმა საქართველომ'' - 5, ''პატრიოტთა ალიანსმა'' - 4, ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' კი 3 ქალი დაასახელა.

საერთო ჯამში, მაჟორიტარ კანდიდატად 107 ქალი იყრიდა კენჭს (მაჟორიტარი კანდიდატების 22 პროცენტზე ნაკლები). პირველ ტურში არცერთ მათგანს მოუპოვებია მანდატი, თუმცა მეორე ტურში სამი ქალი გააგრძელებს ასპარეზობას. მოქმედ მოწვევაში 21 ქალი დეპუტატია არჩეული, მაშასადამე მომავალ პარლამენტში ქალთა მონაწილეობა მცირედით გაიზრდება.

ქალები ამომრჩეველთა 54 პროცენტს შეადგენენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შემუშავებული პოლიტიკის ქალებზე და კაცებზე განსხვავებული გავლენის დადგენა იშვიათად ხდება. პოლიტიკური პარტიების პლატფორმები გენდერულ თემებს მიმოიხილავს, მაგრამ ისეთი ვიწროდ განსაზღვრული საკითხების მოგვარებით შემოიფარგლება, როგორიცაა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის და შვილად აყვანის შეღავათები, გენდერული ძალადობა და ეკონომიკური გაძლიერება და საკითხის გადაწყვეტის მიზნით იშვიათად განიხილავს კონკრეტულ პოლიტიკას'' - წერია დასკვნაში. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ქალთა მონაწილეობა, კაცებთან შედარებით, უფრო მაღალი იყო და მათ ამ კომისიების ყველა წევრთა დაახლოებით 66 პროცენტი შეადგინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში