სახალხო დამცველი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

06 ნოემბერი 2020, 12:00 989 ნახვა

სახალხო დამცველი შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

ნინო ლომჯარია მიმართავს საქართველოს მთავრობას ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.

"უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი; ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს მიმდინარე კრიზისის მართვის პროცესში. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხშირია და იმატებს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები"- აცხადებს სახალხო დამცველი.

მიმართვაში საუბარია არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც.

"ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას"- წერს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია მიმართავს საქართველოს მთავრობას  ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.

საარჩევნო ადმინისტრაციებს, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.

საქართველოს მოსახლეობას,  შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას და რომელსაც განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში