არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ

09 ნოემბერი 2020, 11:19 1171 ნახვა

მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით - განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს. 

დოკუმენტში წერია, რომ ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაწიოს, რომ ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი ააცილოს. 

მესამე სექტორის განმარტებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

''სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის; მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების  კუთხით, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“  - პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, მაღალი ალბათობით ხელისუფლებამ ამ საქმეზე ორი უდანაშაულო პირი დააპატიმრა. 

არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე  და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების  სიმრავლით. პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები,  შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა. 

აღნიშნული გარემოებების გამო, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მომავალი პარლამენტის ბოიკოტირების გზა ერთსულოვნად აირჩია. 

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს'' - წერია განცხადებაში. 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში