ეპიდვითრაებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო დამატებით წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებს

10 ნოემბერი 2020, 14:08 1050 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და დამატებითი შეზღუდვების თავიდან აცილებას.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ - კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა"- აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში