ბათუმის 79-ე ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

11 ნოემბერი 2020, 13:07 1269 ნახვა

ბათუმის 79-ე ოლქში შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ისმის საყვირების ხმა. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შედეგების შეჯამებას ამ ფორმით აპროტესტებენ.

მათი თქმით, ეს შედეგები არ არის სწორი და ბათუმის რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობასა და შედეგებს შორის დისბალანსია. ამის დასადასტურებლად მოქალაქეებმა ოლქის შესასვლელთან თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი შედეგები გააკრეს.

ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე კი ამბობს, რომ დღეს, 11 ნოემბერს შემაჯამებელი ოქმები შედგება. 

" საჩივრების განხილვის შედეგად 2 უბანზე გადავითვალეთ შედეგები. ორივე შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო და ბალანსი დადგა. შესაბამისად, დღეს შემაჯამებელ ოქმს შევადგენთ. სხვა საჩივრების განხილვას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო" - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ოლქის თავმჯდომარემ.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა საოლქო საარჩევნო კომისიის ორმა წევრმა და ორმა დამკვირვებელმა. ისინი საჩივრების განხილვის პროცესს უნდობლობას უცხადებენ. ''ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები არ არის სწორი. არსებობს უამრავი ჩასწორება, რაც დარღვევებს ადასტურებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში