კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა 3 000-ს გადასცდეს - თენგიზ ცერცვაძე

11 ნოემბერი 2020, 18:51 1415 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია და შესაძლოა, ნოემბერში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში 3 000-ს გადასცდეს.

"ხედავთ, რომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით იზრდება და როგორც ეპიდემიოლოგები, ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, მატება გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადასცდეს. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და ამ ეტაპზე პირველ რიგში კლინიკურ სექტორს, რადგან ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების ახალი რეკორდები. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდები, ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში