“სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები არასაკმარისია” - ექსპერტების მიმართვა

17 ნოემბერი 2020, 13:11 1111 ნახვა

დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, - მიმართვას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი ავრცელებს. 

სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და საკითხი პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან უნდა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე.

"ახალმა კორონავირუსმა და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ საქართველო, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა, უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. 14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი - 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში - 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა, პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება.

ჯგუფი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

. პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის, თანადგომის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გარეშე, შეუძლებელია ქვეყნის კონსოლიდირებული და ეფექტიანი პასუხი.

. დაუყოვნებლივ გადაიდგას შემდეგი საგანგებო ნაბიჯები:

. ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;

. ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზე-პარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;

. შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად,

. გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;

. მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის.

. სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;

. პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;

. გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, მიღწეული წარმატებისა და წარუმატებლობის გაზიარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში