ვის შეუძლია ისარგებლოს დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების პირობით

19 ნოემბერი 2020, 13:43 2324 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ახალი რეფორმის საფუძველზე, დაახლოებით, 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება, რომ ავტომატურად დაიბრუნოს დღგ.

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა, რომ თითოეულ გადამხდელს, რომელსაც აქვს დღგ-ს ზედმეტობა თანხა დაუბრუნდება მის საბანკო ანგარიშზე.

მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათი რამდენიმე კატეგორიის კომპანიას შეეხება. ლევან ჯვარშეიშვილი, რომელიც საკონსულტაციო საბუღალტრო და აუდიტორიული კომპანიის აუდიტორია, ამბობს, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გადაზიდვები, მათ ვისაც პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე და ასევე კომპანიები, რომლებიც ტურისტულ მომსახურებას ეწევიან. 

​''შეეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ზედმეტად გადახდილი დღგ. ეს გროვდება რამდენიმე შემთხვევაში. ეს შემთხვევებია პირველი: როცა კომპანიას გააქვს პროდუქცია ექსპორტზე, იქედან გამომდინარე, რომ ექსპორტი იბეგრება ნული პროცენტით და კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაწეულ დანახარჯზე მიიღოს ჩათვლა და ეს ჩათვლა უგროვდებათ. ესეთი კომპანია ჩვენ ბევრი არ გვყავს.

მეორე: ბევრი იყო ტურისტული კომპანია, რომლის მომსახურებაც გათავისუფლებულია დღგ-სგან, მაგრამ აქვს უფლება ჩაითვალოს დამატებითი ღირებულების გადასახადი.  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, როდესაც  ყიდულობდნენ მომსახურებას, სასტუმრო, სარესტორნო, გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე ყოველთვის აგროვებდნენ ასეთი სახის დამატებითი ღირებულების გადასახადს ანუ ჩასათვლელ დღგ-ს. ამ კომპანიებს შეუძლია ადვილად დაიბრუნონ თანხა, თუმცა ეს სფერო საერთოდ გაჩერებულია. 

მესამე: არის საერთაშორისო გადაზიდვები. ამ კომპანიებსაც შეუძლიათ ასეთი ჩათვლები განახორციელონ და დაიბრუნონ დღგ

მეოთხე: რაც უკვე ყველას გვეხება, თუ კომპანია შეიძენს ძვირადღირებულ დანადგარს, ან შენობას შეიძენს რაშიც გადაიხდის დღგ-ს, ამ დამატებითი ღირებულების გადასახადს ერთ თვეში ვერ ამოწურავს და ზედმეტობა ამ კომპანიებს შეუძლიათ ეგრევე, იმ თვეშივე დაიბრუნონ დღგ და გამოიყენოს მისი მიმდინარე ხარჯებისათვის. ფაქტობრივად ფული უცოცხლდებათ'' - ამბობს ლევან ჯვარშეიშვილი.

პრემიერის განმარტებით, ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ბიზნესს მომენტალურად დაუბრუნდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში