კანიონინგი, ველოინფრასტრუქტურა, ხიხანის ბილიკი - ახალი ტურისტული მიმართულებები აჭარაში 

19 ნოემბერი 2020, 15:00 1287 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უჩხოს კანიონინგი, ევროპული დონის ველობილიკი, ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფცია და ხიხანის ბილიკი იმ ძირითად პროექტებს შორისაა, რომელსაც  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ახორციელებს.

ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის პირველად აჭარაში კანიონინგის ტურისტული მარშრუტი მოეწყო. უწყების ცნობით, უჩხოს მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულებულია. კილომეტრნახევრიანი კანიონი მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვებისა და უჩხოს ხეობის დალაშქვრის საშუალებას მისცემს.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პირველად იქმნება მთიან აჭარაში ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურაც. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება.

მზადდება ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტიც, რომელიც ტურისტებს ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, იგეგმება ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟი, კიბეების მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში