რამდენიმე საარჩევნო უბნის დროულად გახსნა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა - ცესკო

21 ნოემბერი 2020, 09:01 1115 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის დროულად გახსნა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

„მოგეხსენებათ, 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა საარჩევნო უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან ვერტმფრენი უამინდობის გამო ვერ გადაიყვანს კომისიის წევრებს ადგილზე. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ჩვეულებრივი უბანი 11.29.12, სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ბოლო ორი უბანი შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე განცხადებით, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით"- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში