საქართველოსთვის ვაქცინა მომავალი წლის გაზაფხულიდან ხელმისაწვდომი იქნება - გამყრელიძე 

24 ნოემბერი 2020, 13:55 2203 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულიდან. ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალს. მეორე რისჯგუფი კი იქნება ხანდაზმულები და ასევე ადამიანები, რომლებსაც  სხვა თანხმლები დაავადებები აქვთ.

''აიცრებიან ადამიანები, რომლებსაც ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები აქვთ, ასევე გულსისძარღვთა სისტემით დაავადებულები. ეს ჯგუფები და ასევე  განიხილება მოხუცთა თავშესაფრები და ა.შ. პირველ რიგში ყველა ქვეყანა მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრას'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. 

''ჩვენ გაერთიანებული ვართ პლატფორმაში, რომელიც მუშაობს ''გავიალიანსის'' ბაზაზე. ეს გახლავთ ვაქცინების გლობალური ალიანსი,  რომელთანაც ჩვენი ქვეყანა 2001 წლიდან თანამშრომლობს. ეს ფლატფორმა შეისყიდის რამოდენიმე კომპანიის ვაქცინას, რომელსაც მარეგულირებლები  დაამტკიცებენ. 

''ფაიზერს'' და ''მოდერნას'' აქვთ ლოჯისტიკის საკმაოდ გართულებული მექანიზმები, რისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ სამაცივრე დანადგარებით ქვეყანა იყოს აღჭურვილი, იმიტომ რომ  სავარაუდოდ ერთი ვაქცინა არ იქნება. სხვადსხვა ვაქცინის ტრანსპორტირებას კი განსხვავებული პირობები სჭირდება. 

ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა, რომელიც მოსახლეობის 20% მოიცავს, ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანი. ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, სამი ან 4 კვირის დაშორებით. ამიტომ  დოზა ბევრი არის საჭირო. ეს ჯდება წინასწარი გაანგარიშებით 17 მილიონ დოლარამდე და აქედან 4 მილიონი გადარიცხულია, ეს როგორც წინასწარი შენატანი'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში