ახალ შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას საბჭო  უახლოეს 2 დღეში მიიღებს - გამყრელიძე

24 ნოემბერი 2020, 14:21 1093 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს ორ დღეში მიიღებს. ამის შესახებ  ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემზღუდველი ღონისძიებები არ გამკაცრდება, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.

გამყრელიძის განმარტებით, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზებს აკეთებს, საქართველოში დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორც შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას.

პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, თუ არ შემოვიღეთ და არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.

ბევრ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ეს ინსტიტუტი ციფრებს შემდეგ ამოწმებს რამდენიმე დიდ ინსტიტუციასთან. ამ კვლევების მიხედვით, აუცილებელია, გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციებისა და დავამატოთ, გავაფართოოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მეტად მკაცრი მასშტაბით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში