პრემიერმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

25 ნოემბერი 2020, 10:34 786 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გახარიამ ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

''ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ'' - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში