მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან იმსჯელა

25 ნოემბერი 2020, 12:19 1211 ნახვა

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე.

''ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იყოს დაბალანსებული მათი ინტერესების გათვალისწინებით'' - წერია ინფორმაციაში. 

შეხვედრისას განიხილეს  ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

''ხელისუფლების მთავარი ამოცანებია, როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.

ამასთან, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, მალე გახდება ცნობილი'' - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში