სახელმწიფო ბიზნესს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებაში დაეხმარება - გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 15:01 1121 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიზნესს საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირებაში დაეხმარება.

"ერთ-ერთი დახმარება ბიზნესისთვის გახლავთ საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირება 1500 ლარამდე ხელფასების მქონე მათ თანამშრომელთათვის 750 ლარის ოდენობით იყო ერთ-ერთი ეფექტური შეთავაზება. ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში შეღავათმა დაფარა 33 ათასი კომპანია და შეეხო 425 ათას დასაქმებულ ადამიანს, ეს იყო დაახლოებით 260 მილიონი ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით."

მისივე განცხადებით, სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

„საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს დავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“, - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში